დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები მიუძღვნეს ქართულ ენას და მასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი მიმოიხილეს.
ვრცლად ისაუბრეს ქართული დამწერლობის სახეებისა და ხელრთვის ისტორიის შესახებ, ასევე, ცნობილი კალიგრაფის ნიკა ღუნაშვილის ნამუშევრებით შთაგონებული პოსტერები წარადგინეს და კიდევ ერთხელ განმარტეს ღრმა შინაარსის მქონე ქართული სიტყვები, ისაუბრეს მათ სიმბოლურ მნიშვნელობაზე.
ამავე კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარებული კონკურსი – „არა ბარბარიზმებს“, ქართული ენის საუკეთესოდ მცოდნეთა გამოვლენას ისახავდა მიზნად.
მე-6 კლასელების ჩართულობით შედგა პრეზენტაცია მე-4 კლასის მოსწავლეებისთვისაც 14 აპრილის, როგორც ქართული ენის დღის, ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. ინფორმაციის მოსმენის შემდეგ მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები, გაეცნენ ქაღალდის ხელოვნურად დაძველების წესს და კალიგრაფიული ნამუშევრების სიძველის ეფექტით შექმნის სურვილი გამოთქვეს.