ჩვენს შესახებ

წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზია არის არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი დაფუძნებული საქართველოს საპატრიარქოს მიერ. ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალიზებული ლიცენზია (#0831079) მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (2008 წ. 19 თებერვლის #140 ბრძანების საფუძველზე).

გიმნაზიის მისია არის აღზარდოს თავისუფლად მოაზროვნე ინტელექტუალურად, ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი და მიმტევებელი თაობა.

გიმნაზიის მიზანია შექმნას შესაბამისი პირობები რელიგიური, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გასაცნობად. ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ქრისტიანული კულტურის ადგილისა და მნიშვნელობის გაცნობიერებას, მათში მტკიცე რწმენის ჩამოყალიბებას.

გიმნაზიის ამოცანაა უზრუნველყოს მოსწავლეთა მოტივირება გონებრივი შესაძლებლობების მიხედვით, ხელის შეუწყოს მათში ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, შექმნას მათთვის უსაფრთხო გარემო და შესძინოს მათ თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები, იზრუნოს პედაგოგთა პროფესიული დაოსტატებისათვის, იყოს კონკურენტუნარიანი.

გიმნაზიაში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე, ისწავლება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა საგანი და სტანდარტის ზევით ახორციელებს სასულიერო საგნების სწავლებას:

  1. საღვთო სჯული (I-XII კლ.);
  2. ქრისტიანული ეკლესიის ისტორია (V-IX კლ.);
  3. საოჯახო ცხოვრების ეთიკა და ქრისტიანული ფსიქოლოგია (X-XII კლ).

გიმნაზიის დაარსების მოკლე ისტორია

2007 წელს მეუფე კალისტრატესთან ერთად დაიწყო ზრუნვა სასულიერო გიმნაზიის დასაარსებლად. მასწავლებელთა ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ პედაგოგები: მაია ონიანი, მარინა ჯვარშეიშვილი, ჟანა გაბიძაშვილი და ნაზი თედორაძე.

ძალიან დიდი იყო პედკოლექტივის მხარდაჭერა და ადგილობრივი მთავრობის მცდელობა, რომ რაც შეიძლება უმოკლეს დროში დაფუძნებულიყო გიმნაზია. მართლაც, ღვთის წყალობით და მეუფე კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით, იმერეთის გუბერნატორ აკაკი ბობოხიძისა და გამგებელ მამუკა თევზაძის ძალისხმევით 2008 წლის 20 მარტს გიმნაზია ოფიციალურად დაფუძნდა.

გიმნაზიის რექტორია ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტი კალისტრატე. პრორექტორები: ბატონი გურგენ საჩკოვი და მამა ზურაბ სუბელიანი.

 

Share Button