12 აპრილს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში ჩატარდა თემატური კონფერენცია – „ჩვენ ვსაუბრობთ ქართულად“, რომელიც 14 აპრილს – სახელმწიფო ენის დღეს მიეძღვნა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარმომადგენლებთან ერთად ქართული ენის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ეკო კლუბ ეკოდაივერების წევრებმა: მარიამ შვანგირაძემ, მარიამ კორკოტაძემ და ანა ხვისტანმა.
კიდევ ერთხელ აღინიშნა ქართული ენის სახელმწიფოებრივი როლი და მნიშვნელობა. გაიხსენეს ქართველი ხალხის ერთსულოვნება 1978 წელს მიმდინარე პროცესების მიმართ. ენის დათმობა ერის დაცემის საფუძველია, ენაა ეროვნული მსოფლმხედველობის შემნახველიც და მატარებელიც.
ღონისძიების მთავარი გზავნილი ენის სიწმინდის დაცვისაკენ მოწოდება იყო.
კონფერენციის მონაწილეებს, ღონისძიების ორგანიზატორმა, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა სამახსოვრო სიგელები გადასცა.
14 აპრილს საქართველოს სახელმწიფო ენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ცენტრალური პარკში ანბანის მოხატვით დასრულდა.