,,წმინდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის”
შეეწიოს წმინდა მეფე დავითი სრულიად საქართველოს.
დავითი 16 წლის ჭაბუკი იყო, როდესაც მას დაადგეს მეფის გვირგვინი. საოცარია მისი ცხოვრება, საოცარია მისი პოლიტიკური თუ ეროვნული აზროვნება, საოცარია მისი სულიერება. დავით აღმაშენებელი არის სიმბოლო საქართველოსი, იგია დიდება საქართველოსი!
ეს ის პიროვნებაა, რომელიც თავის თავში ითავსებდა დიდ რწმენასა და დიდ ცოდნას. როცა მან დააარსა გელათის აკადემია, იგი ზრუნავდა, რომ ეს ყოფილიყო ახალი იერუსალიმი თავისი სულიერი მოღვაწეობით და მეორე ათინა – თავისი დიდი ინტელექტით და მეცნიერული სიმაღლით.
წმინდა დავითმა პირველ რიგში, ეკლესია განწმინდა უწმინდურთა და უღირსთაგან, რომ უფლის შეწევნა არ მოკლებოდა ბოროტებასთან დაუნდობელ ბრძოლაში. მერე ერთგულნი შემოიკრიბა გარს და აუმხედრდა ისტორიულ უსამართლობას, ქართული სულიერი და მიწიერი სხეულის დამცირება რომ ერქვა სახელად.
მისი მოღვაწეობა არის ნათელი დადასტურება იმისა თუ რამხელა სიკეთის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის საერო და საეკლესიო მოღვაწეების ერთობლივ მართველობას.
ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გაჭირვების ჟამს იგი მუდამ გვივლენდა ადამიანს, რომელსაც შეეძლო, გადაერჩინა საქართველო.
წმინდა დავითის ლოცვით, უფალმა გააძლიეროს და გაამთლიანოს საქართველო.
გილოცავთ დავითობას