” – ტირი გაბრიელ, დაიღალე?.. მეც ვტირი შენთვის!”,
ნეტავ საიდან შემოგესმა ზეცის სალბუნი,
შენს სასთუმალთან კედელს ამკობს ჯვარცმა უფლისა,
მომცრო ტაბლაზე გადაშლილი სუფევს ფსალმუნი.
ღირსო მამაო, საკუთარი ნებით ნატანჯო,
ქვეყნის დარდი რომ აიკიდე, ვით სათნო ჯვარი,
უფალზე უკეთ ვინ გაგიგებს განცდილ ტკივილებს,
როცა მარტოკამ დაარისხე მცხეთაში ზარი.
შენ ხომ ეულად შეუდექი გოლგოთის ბილიკს,
ეკლის გვირგვინად დაიხურე მიტრა რვალისა,
მათხოვრის იერს მოირგებდი სულით მდიდარი,
ბერო – სადარო დავითის და გორგასალისა!
ერის ცოდვანი ტვირთად ზიდე, მოღლილმა ცრემლით,
არ შეორგულდი, არ დაკნინდი, თუმც გწამეს ცილი,
ჭეშმარიტებას აზიარე უკვდავი სული,
თხილის გულივით დაარიგე მოყვასთან წილი.
გლანძღეს, გაფურთხეს, შეშლილად და გიჟად შეგრაცხეს,
უღვთოდ გაგწირეს, თითქოს გაკლდა ტანჯვა-წამება,
იქით ლოცავდი, ნუგეშს სცემდი შენს მაძაგებელს,
კელაპტრად გენთო სათნო გულში წმიდა სამება.
“ჯვარს აცვი ეგე!” – ხომ გასმინეს მოძღვართ-მოძღვარო?
მაინც ვერ დაგცეს, ვერ წარგტაცეს ცხოვარნი მწყემსსა,
და ისევ შენგან სიყვარულის მადლით აღვსილი,
დღეს საქართველო თავს ევლება სამარეს შენსას!..
“ტირი გაბრიელ? – ნუ – გეშინის, მეც ვტირი შენთვის”,
ღირსო მამაო, შვებად გადგას მაცხოვრის ჯვარი,
უფალზე უკეთ ვინ გაგიგებს განცდილ ტკივილებს,
შენ ხომ მარტოკამ დაარისხე მცხეთაში ზარი…