ტუბერკულოზი განკურნებადი ინფექციური დაავადებაა, რომლის დამარცხება შესაძლებელია სწორი მკურნალობით. მიუხედავად ამისა, იგი დღემდე რჩება ინფექციური დაავადებებით სიკვდილიანობის წამყვან მიზეზად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით ტუბერკულოზით ყოველდღიურად ავადდება 30 000 და იღუპება 4 500 ადამიანი.
ყოველწლიურად, 24 მარტს ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომლის მიზანი დაავადებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება და სტიგმის დაძლევაა.
სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ქ. წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა გიმნაზიის ეკო კლუბ” ეკო დაივერების”წევრებმა, ბიოლოგიის მასწავლებლის ნინო ზაქარაიას დახმარებით ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა, სადაც ისაუბრეს იმაზე, რომ ტუბერკულოზი ეპიდემიის სახით მსოფლიოს მრავალი ქვეყნისათვის ქმნის სერიოზულ საფრთხეს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ყოვლწლიურად გლობალურად 10 მილიონი ადამიანი ავადდება ტუბერკულოზით.
მიუხედავად ამისა ტუბერკულოზის პრევენცია და განკურნება შესაძლებელია, თუკი მას, როგორც ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხეს, სათანადო სერიოზულობით მივუდგებით. ამისათვის საჭიროა ეფექტური და დროული პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ჯანმოს მიზანია 2015 წლისთვის ტუბერკულოზის გავრცელებისა და მის მიერ გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებლების განახევრება.