თითქმის 30 წელი მიიწურა,რაც, საქართველოს ზღაპრული მხარე, აფხაზეთი, მხოლოდ ჩვენს ფიქრებსა და მოგონებებში ცხოვრობს, მოგონებებში, რომელსაც დრომ თავის კვალი დაატყო და დროდადრო სულ უფრო ფერმკრთალდება, ჩვენ კი მთელი ძალით ვცდილობთ თითოეულ მომენტს ძლიერად ჩავებღაუჭოთ და ხელი არასდროს გავუშვათ.

16 მარტს, წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში,ამ ულამაზესი მხარისა და საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება: „ჩვენ სოხუმში გემით დავბრუნდებით“, გაიმართა.

(სცენარისტები და ორგანიზატორები: გიმნაზიის პედაგოგები, ქრისტინა ქუთათელაძე და მაია ბახტაძე, მუსიკალური გაფორმება: გიმნაზიის მუსიკის პედაგოგი – მარიამ თალაკვაძემ და XI კლასის მოსწავლე, მარიამ ქაჯაია, ქორეოგრაფები გიმნაზიის მოსწავლეები: ელგუჯა შველიძე და გიორგი მხეიძე, მხატვრული გაფორმება: გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი – ნათია ღოღელიანი, მხატვარ – დეკორატორი, გიმნაზიის ხელოვნების მასწავლებელი – სოფიო ქუთათელაძე)

მოგონებები გარდასულ დღეთა თითქოს სიზმარს ჰგავს, მათთვისაც კი ვისაც აფხაზეთის მშვენიერება თვალით არასოდეს უნახავს და მათთვისაც, ვინც ღამღამობით დღემდე სტუმრობს მშობლიურ მხარეს, ჩაისუნთქავს შავი ზღვის სურნელს, ნაცნობ ქუჩებში ხეტიალით ბედნიერდება და 30 წლის წინ მიტოვებულ სახლ-კარს, ეზოს და დაუვიწყარ მოგონებებს კვლავინდებურად მოავლებს თვალს.გიმნაზიის მოსწავლეების მიერ შესრულებულმა ემოციურმა წარმოდგენამ, დამსწრე საზოგადოება აფხაზეთში ამოგზაურა, ნათლად გააცოცხლა მათი მოგონებები და აფხაზეთში დაბრუნების ოპტიმისტური განცდა დაეუფლათ.

შთამბეჭდავი წარმოდგენა მსმენელებისა და მონაწილეებისთვისაც ძალიან ემოციური იყო, ტიროდა დარბაზი და ტიროდნენ მონაწილეები, ემოციების დაფარვა რთული იყო, აქ ხომ ბავშვივით წრფელი გრძნობების კორიანტელი იდგა.ორგანიზატორებმა გააცოცხლეს იქაური ტრადიცია და სტუმრებს, ქვიშაზე მოდუღებული ყავითაც გაუმასპინძლდნენ.

ღონისძიებას გიმნაზიის რექტორი, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი, გივი ჭიჭინაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი, დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ნათია კოპალიანი და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის „სოხუმის’’ წარმომადგენლები.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ამ დღისთვის სპეციალურად ჩამოსხმული ღვინო სიმბოლურ საჩუქრებად გადასცა მათ, გიმნაზიის პრორექტორმა სასწავლო-ადმინისტრაციულ დარგში, მაია ონიანმა.

მან გულწრფელი და გულითადი მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებსა და ახალგაზრდებს, ერთიან და ძლიერ საქართველოში ცხოვრება უსურვა.

Share Button