გიდის პროფესიისა და პროფესიული უნარების აღსანიშნავად, გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციამ (WFTGA) ყოველი წლის 21 თებერვალს დაამკვიდრა ტურისტული გიდების საერთაშორისო დღის აღნიშნვის ტრადიცია.

სწორედ ამ დღის აღსანიშნავად ეკოდაივერების წევრი ანი ხალიანი ეწვია წყალტუბოს ერთერთ რუსულენოვან გიდს, თამთა ვარდოსანიძეს.

ინტერვიუ ძალიან საინტერესო და მამოტივირებელი გამოვიდა

– რამ გიბიძგათ გამხდარიყავით გიდი?

მე მყავს მეგობარი, რომელსაც აქვს საოჯახო სასტუმრო და ყოველდღიურად უწევს უამრავი ტურისტის მიღება, სტუმრების უმრავლესობა ითხოვდა გიდს, რომელიც გაუწევდა მეგზურობას ქალაქში, აქედან გამომდინარე გამიჩნდა ინტერესი ჩავრთულიყავი ამ სფეროში. გავიარე შესაბამისი კურსები და გავხდი სერტიფიცირებული გიდი.

– შეგიძლიათ მოგვიყვეთ განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ტურის შესახებ?

აუ კიიი, გეტყვი, ესენი იყვნენ წყვილი ბელორუსიიდან ანია და ვალოდია, ორივე ძალიან კარგები იყვნენ, წყალტუბოს სტუმრობდნენ პირველად და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ჩვენი კოპწია ქალაქის შემყურე.

– როგორ ემზადებით ტურისთვის?

მთელი რიგი პროცედურაა…… პირველად რასაც ვაკეთებ ესაა, რომ ვაფრთხილებ ოჯახის წევრებს არ დამირეკონ ტელეფონზე ( რადგან არ გამეფანტოს ყურადრება და ამასთანავე არ გავანაწყენო სტუმარი), ვარჩევ კომფორტულ ფეხსაცმელს და სამოსს, ისევ და ისევ გადავავლებ თვალს ჩემი ქვეყნის და ქალაქის ისტორიას, ჯერ ქართულად შემდეგ რუსულად, ვცდილობ აქცენტის გარეშე ვისაუბრო, ამიტომ ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე, ასევე ლოკაციებზე ვრეკავ წინასწარ და ვთანხმდები თითოეულ დეტალზე.

– რა მოგწონთ ყველაზე მეტად გიდობაში?

მომწონს ზოგადად ეს პროფესია, ყოველთვის მომწონდა, ვუყვები ადამიანებს, ვამოგზაურებ წარსულში და მე ამაყი, პატარა ქვეყნის, დიდი ისტორიის მქონე ქართველი გიდი ვაცნობ საქართველოს ჩემს სტუმრებს, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ აქვთ ასეთ პატარა ქვეყანას თუ ამოდენა ისტორია გააჩნია.

– როგორ დარწმუნდებით, რომ თქვენი ტურები მონაწილეებისთვის საინტერესო და ინფორმაციულია?

მარტივია ამის ამოცნობა, თვალებზე ეტყობათ, ათას კითხვას მისვამენ, ინტერესით მიყურებენ, აღფრთოვანებას გამოხატავენ…..

– რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც განიხილავს გიდის კარიერას?

ძალიან საინტერესოა ჩემი აზრით, ვურჩევდი სწორად მიაწოდონ ყველა ინფორმაცია სტუმარს (მსმენია დამახინჯებული ისტორიის შესახებ, რომლებსაც გიდები უყვებიან ტურისტებს).

– როგორ უმკლავდებით მოულოდნელ ან გადაუდებელ სიტუაციებს ტურის დროს?

ვინაიდან მე ახალბედა გიდი ვარ, მსგავს ფორსმაჟორულ სიტუაციებში ჯერ არ ვყოფილვარ, ამიტომ ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ მაქვს, მაგრამ თუ ტურის მსვლელობის დროს დაგეგმილ ლოკაციაზე რაიმე პრობლემა შეიქმნა ტურს არ ჩავშლი, ყოველთვის მაქვს სათადარიგო გეგმა (ტური) შედგენილი.

– რა გამოარჩევს თქვენს ტურებს სხვებისგან?

მე ვაკეთებ ტურს ქალაქის ირგვლივ, მაგრამ ტურის განმავლობაში სრულიად ვაწოდებ ინფორმაციას საქართველოზე, საქართველოს კულტურაზე, რელიგიაზე, დამწერლობაზე, თითოეულ ლოკაციაზე ვუყვები განსხვავებულ ისტორიებს, სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებულს.

– შეგიძლიათ აღწეროთ თქვენს მიერ შემოთავაზებული განსაკუთრებით უნიკალური ან არაჩვეულებრივი ტური?

მინდა გითხრათ, რომ ყველა ტური უნიკალური და არაჩვეულებრივია ადამიანისთვის, რომელსაც პირველად აცნობ შენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს, ვერ გამოვყოფ…

– როგორ აერთიანებთ სიუჟეტებს თქვენს ტურებში?

მარტივად, არ არის რთული, იმდენად მრავალფეროვან და საინტერესო ისტორიას და სანახაობას ვთავაზობ ამ პაწია ქალაქის ფარგლებში, რომ სიუჟეტის გაერთიანება ხდება შეუმჩნევლად.

– როგორ აკმაყოფილებთ თქვენი ტურის ჯგუფის სხვადასხვა ინტერესებსა და საჭიროებებს?

შეძლებისდაგვარადთქო რომ გითხრათ მოვიტყუები, შეუძლებელს ვაკეთებ ტურის მსვლელობის დროს, რომ სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანების ინტერესი დავაკმაყოფილო. იშვიათად, მაგრამ ჯგუფს ზოგჯერ ახლავს უარყოფითად განწყობილი ტურისტიც, რომელიც ყოველთვის შენს „ჩაჭრას“ ცდილობს, შესაბამისად ბევრი, ძალიან ბევრი მუშაობა მიწევს საკუთარ თავზე, რომ ზემოთხსენებული ტიპის ტურისტს ამომწურავად და კორექტულად გავცე პასუხი არაფრისმომცემ საკითხებზე… მე ვაცნობ ჩემს წყალტუბოს ტურისტებს, როგორც: „ მუზეუმი ღია ცის ქვეშ.“

Share Button