„ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს – ვინ არის, საიდამ მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს“- დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია , გვახსოვდეს, „რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავადაც“. დიახ, ჩვენს იდენტობას ეროვნულ სხეულს სწორედ ისტორიის ცოდნით, წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით თუ შევინარჩუნებთ.

ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა და მათ დაცვაზე ზრუნვა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა.

ამ კეთილშობილურ მიზანს ემსახურებოდა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც დღეს, 26 თებერვალს, გაიმართა წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა- გიმნაზიაში და მიეძღვნა დიდ მეფეს, დავით IV აღმაშენებელს.

ღონისძიება მოამზადა ქართული ენის, ლიტერატურისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ (მასწავლებლები: ელისო გურეშიძე, მარიკა ბახტაძე, მაია გურეშიძე, ბადრი პაპავა).

მე-11, მე-10, მე-9, მე-8. მე-7 კლასის მოსწავლეებმა გასაოცარი ოსტატობითა და სიყვარულით წარმოადგინეს მეფე-წმინდანის ცხოვრების გზა, ხაზი გაუსვეს მის დამსახურებას ერის წინაშე. ჭეშმარიტად, „კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო – ამბობს ჩვენი ერი: – ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან წასაყოლიო. ეს ანდერძი ქართველისა ისე არავის შეუსრულებია, როგორც დავით მეფესა. აქ აღმაშენებლის სახელი დარჩა, როგორც მეფეს, და იქ, როგორც დიდ-ბუნებოვანმა კაცმა – წაიყოლა სახელი წმინდანისა, დიდების გვირგვინით შემკობილი.“

ღონისძიება არაჩვეულებრივად დაასრულა სკოლა-გიმნაზიის ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის გუნდმა „ივერონმა “ ( ხელმძღვანელი: ნოშრევან ანთია).

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლა-გიმნაზიის მმართველი დირექტორი, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები( მერის მოადგილე ბატონი გია ყურაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი თეიმურაზ ჭეიშვილი და რესურცენტრის ხელმძღვანელი ბატონი მამუკა ჩხეტიანი). საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის თანამშრომლები და საეპარქიო სკოლების დირექტორები, ასევე გიმნაზიის პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები.

დამსწრე საზოგადოებას ღონისძიება ძალიან მოეწონათ და თავიანთი შთაბეჭდილებები იქვე გამოხატეს-შეაქეს მოსწავლეთა მონდომება, მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორებს გაწეული შრომისთვის და მომავალშიც უამრავი წარმატება უსურვეს სკოლა-გიმნაზიას.

Share Button